ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?
ალბათ უკვე გაიგე, თუ რა სახალისოა ფრინველებზე დაკვირვება. შეიძლება უკვე მზად ხარ კიდეც, რომ ახლავე დაიწყო. თუმცა, სანამ გარეთ გახვალ, კარგი იქნება რამოდენიმე რჩევა დაიმახსოვრო. ეს დაგეხმარება კარგი დროც გაატარო, უსაფრთხოდაც იყო და ფრინველებსაც არაფერი დაუშავო.
1. ჩაიცვი შესაბამისად
წარმოგიდგენია სკოლაში წასვლა პიჟამოებით, ან ტენისის თამაში ჰალსტუხითა და პიჯაკით? ხომ უცნაურია? ყველა აქტივობას შესაბამისი ტანსაცმელი აქვს, და არც ფრინველებზე დაკვირვებაა გამონაკლისი. ეცადე, მუქი ფერის ან ბუნებასთან შეხამებული ტანსაცმელი გეცვას, ფრინველებმა რომ არ შეგამჩნონ. ყოველთვის ჩაიცვი ამინდის შესაბამისად - უნდა გქონდე სამოსი, რომელიც თბილიც იქნება და წვიმისა და მზისგან დაგიცავს. შესაძლოა, ფრინველებზე დაკვირვება იმაზე მეტხანს მოგინდეს, ვიდრე თავიდან გეგმავდი.
© Tomasz Wilk
2. ჩაალაგე ჩანთა
არც ერთი ფრინველებზე დამკვირვებელი სახლს აღჭურვილობის გარეშე არ ტოვებს. ესენია: ბინოკლი, კალამი და ფურცელი დაკვირვებების ჩასაწერად, ფრინველების სარკვევი. კარგი იქნება, თუ ფრინველთა სარკვევის ზოგიერთ ფრაზას წინასწარ ისწავლი. არ დაგავიწყდეს სასმელი და წასახემსებელი! შეგიძლია წაიღო კამერაც, თუმცა განათება უნდა გამორთო.
მეტი ფრინველებზე დასაკვირვებელი აღჭურვილობის შესახებ
3. არ შეაწუხო ფრინველები
წარმოიდგინე, რომ გუგული ხარ და 8.000 კმ გადმოიფრინე. როგორც იქნა, იპოვე ტოტი, სადაც დაისვენებ და გემრიელ მწერებს მიირთმევ, მაგრამ ადამიანების ჯგუფი ხმაურით მოდის შენკენ! სხვა გზა არაა, ფრთები უნდა აიკეცო და სადილიც სხვაგან იპოვო...
შეიძლება, ფრინველებზე დაკვირვება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს რომ მათი უსაფრთხოება უპირველესია. მათი შეშინება ხშირად იწვევს საკვებზე, დასვენებასა და ბუდობაზე უარის თქმას. იარე მშვიდად და მსუბუქად, ისაუბრე ჩუმად, ტელეფონს ხმა გამოურთე და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ახლოს ნუ მიხვალ. სწორედ ამიტომაა საჭირო ბინოკლი. უნდა შეარჩიო კარგი ადგილი და ჩუმად, მოთმინებით დაელოდო. ასე უფრო მეტ საინტერესო ქცევას ნახავ, ვიდრე შეშინებული ფრინველების გაქცევაა.
იყავი ჩუმი და მომთმენი და ფრინველები თავად მოვლენ შენთან. © Cezary Korkosz
4. არ მიუახლოვდე ბუდეებს
ნებისმიერი მშობელი გეტყვის, თუ რა ძნელია პატარებზე ზრუნვა. როდესაც საბუდარ ადგილთან ახლოს ხარ, მნიშვნელოვანია მანძილის დაცვა. ბუდესთან სიახლოვემ შესაძლოა მშობლები დააფრთხოს და ბარტყები მიატოვებინოს, ან თუნდაც კვერცხები სხვადასხვა მტაცებლებისაგან დაუცველი დარჩეს. თუ ბუდესთან დიდხანს დარჩები, შესაძლოა მშობლებმა ის საერთოდ მიატოვონ. თუ მას გადააწყდები, უმჯობესია ჩუმად გაეცალო.
5. გამოიყენე სამალავები
სამალავები დაკვირვების ადგილებია, საიდანაც ფრინველებისათვის საყურებლად კარგი ხედი იშლება ისე, რომ თავად ადამიანებს ვერ ხედავენ. სამალავები გვიცავენ მზის, წვიმისა და ქარისაგანაც. ამჟამად ბევრი ასეთი შენობაა. შეგიძლია, ინტერნეტში მოიძიო შენთან ყველაზე ახლოს მყოფი.
ფრინველებიც მშვიდად არიან და დამკვირვებლებიც © Jarosław Wrosz
6. დაიცავი კანონი
გახსოვდეს, რომ შესაძლოა ადგილი, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად დადიხარ, ვინმეს ეკუთვნოდეს. მოეპყარი პატივისცემით - თუ ჭიშკარს ნახავ დატოვე ისე, როგორც იყო, არ გადახვიდე ბილიკებიდან და შემოღობილ ადგილებში.
7. არ დატოვო კვალი
არ დაანაგვიანო გარემო და გადათქერო მცენარეული საფარი. შესაძლოა, სწორედ იმ ფრინველების სახლი დააზიანო, რომლებზე დაკვირვებაც გსურს.
8. ყველგან ეძებე ფრინველები
გგონია, ისინი ქალაქში არ არიან? კარგად დაფიქრდი. თუ დააკვირდები, მათ ყველგან იპოვი - პარკებში, ეკლესიების ეზოებში და მოედნებზე, არხებში, სახურავებზე... თუ ბაღში ან აივანზე ფრინველს საკვებურს განათავსებ, შესაძლოა ახლოსაც მოვიდნენ.
ფრინველის საკვებური ფრთოსანი მეგობრების მოზიდვის და მათზე დაკვირვების ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა. © Shay Connolly
9. ფრინველები არ არიან? ნუ დაღნდები!
შესაძლოა, დროდადრო გამოცდილ ფრინველებზე დამკვირვებელსაც კი არ გაუმართლოს. თუ მათ ვერ იპოვი, გული არ აგიცრუვდეს. ამის მაგივრად გახდი დეტექტივი და მოძებნე მინიშნებები - ნაფეხურები, ბუმბული და საკვების ნარჩენებიც კი. სად შეიძლება ცხოვრობდეს ფრინველი, რომელსაც გადაბმული, აპკიანი თითები აქვს? ან რატომაა ლოკოკინას ნიჟარის ნამტვრევები ქვის გარშემო გაფანტული?
დათვალიერების ნაცვლად ხმასაც შეგიძლია მოუსმინო. გალობს თუ არა რომელიმე ფრინველი? როგორი ხმაა - ნელი, მაღალი თუ დაბალი? გამოიცნობ, რომელი ფრინველი შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი კარგი მობილური აპლიკაცია არსებობს, რომელიც ფრინველის ხმის გამოცნობაში დაგეხმარება.
10. გაავრცელე სიხარული!
როდესაც გარეთ ბინოკლებითა და ფრინველების სარკვევით დაგინახავენ, ბევრი შიძლება დაინტერესდეს. აუხსენი მათ, რა არის ფრინველებზე დაკვირვება. გაუზიარე ყველაზე საინტერესო სახეობები, რომლებიც ნახე. ვინ იცის, იქნებ მათაც შთააგონო ფრინველებზე დაკვირვება. ემეგობრე სხვა დამკვირვებლებსაც - მათ შეუძლიათ ბევრი საინტერესო რამ გასწავლონ. რაც უფრო მეტ მეგობარს გაიჩენ, მით უფრო სახალისო გახდება ყველაფერი და უფრო მეტი ადამიანი დააფასებს ბუნებას.
© Seydou Nacro